ჩვენი ხედვაჩვენი
ხედვა

განვითარებული და დემოკრატიული სამყარო თანხმდება, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია, ინტერსექტორული ჩართულობა, რესურსების ეფექტური აკუმულირება და სტრატეგიული გამოყენება, საზოგადოებრივი და კერძო  ინტერესების თანხვედრა და საერთო საზოგადოებრივი სიკეთის ერთობლივი ძალებით შენება - არის წარმატების ფორმულა.


დამოუკიდებლობის აღდგენიდან ქართულმა სახელმწიფომ, სრულიად საზოგადოებამ, კერძო თუ სამოქალაქო სექტორმა, მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ვთვლით, რომ მოქალაქეები, სამოქალაქო და კერძო სექტორი მზად არიან მეტი თანამშრომლობის, ჩართულობისა და  პასუხისმგებლობისათვის ერთმანეთის, თემისა და ქვეყნის წინაშე.


მიუხედავად ხელშესახები და ხილვადი პროგრესისა, ფინანსური მდგრადობა და დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია ქართული სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. 2010 წელს ჩატარებული „საზოგადოებრივ ორგანიზაციათა განვითარების ანგარიშის“ მიხედვით არასამთავრობო ორგანიზაციების ჯამური დაფინანსება ადგილობრივი წყაროებიდან (საწევრო, შემოწირულობა კერძო პირისგან და ბიზნესიდან, საკუთარი შემოსავალი), ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების შემოსავლებში საშუალოდ 25%- ს შეადგენდა, რაც ფინანსური სტაბილურობისა და დაცულობისთვის არც თუ ისე მაღალი მაჩვენებელია. ამ კვლევიდან 9 წლის შემდეგაც, ვთვლით, რომ ტენდენცია შენარჩუნებულია, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ხელშესახები პროგრესის მიღწევა.


ვფიქრობთ, რომ თანამშრომლობის გამოუყენებელი პოტენციალი არსებობს მესამე სექტორსა და სხვა აქტორებს შორისაც. მნიშვნელოვანი აქტორები და ორგანიზაციები მათ შორის საჯარო და ბიზნეს სექტორიდან,  კომუნიკაციის ნაკლებობის გამო ხშირად ვერ განსაზღვრავენ საერთო გამოწვევებს, გადაკვეთის წერტილებსა და რესურსების აკუმულირებას, რომელებიც ამა თუ იმ პრობლემის თანამშრომლობის გზით გადაჭრისთვის არსებობს. შედეგად ფერხდება როგორც თავად ამ სექტორების, ისე მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარება.


არსებული გამოწვევების ფონზე იკვეთება ისეთი პლატფორმის არსებობის აუცილებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო სექტორსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციას, არსებული დაფინანსების წყაროების გაძლიერებასა და თანადაფინანსების შესაძლებლობის გაზრდას, ადგილობრივ და საერთაშორისო აქტორებთან თანამშრომლობას, ასევე დაფინანსების ალტერანტიული წყაროების მოძიებასა და შედეგად სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი და სტაბილური განვითარების ხელშეწყობას. სწორედ აქ ვხედავთ ფონდი „პროდემოსი“ ჩენს ადგილსა და პოზიტიურ როლს.